თეგი: კეკელიძის ქუჩა

აქტივისტები გამოსახლებებზე მორატორიუმს ითხოვენ

აქტივისტები ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე მორატორიუმს მოითხოვენ. ამის შესახებ სპეციალური მიმართვა კეკელიძის ქუჩიდან გაავრცელეს. ეს ის ადგილია, საიდანაც დღეს აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციის ფონზე გამოასახლა. აქტივისტი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს აქტი, რითაც მორატორიუმი გამოცხადდება, მანამდე კი, უახლოეს დღეებში დაგეგმილ გამოსახლებებსაც გააპროტესტებენ. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვიხილეთ მარინა ხატიაშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ძალადობის გზით გამოსახლება, ვიხილეთ აღსრულების პოლიციასთან ერთად სახელმწიფო ძალადობრივი აპარატი, მათ შორის, პოლიცია, პატრული და სამაშველო სამსახურიც კი. ასევე ვიხილეთ უმნიშვნელოვანესი რამ: სახალხო წინააღმდეგობა და უპრეცენდენტო სოლიდარობა. სწორედ ამ სახალხო სოლიდარობის და წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით ჩაინიშნა მიჯრით 3 გამოსახლება. ეს იყო მათი სტრატეგია: სამართლიანი ბრძოლის კერების ჩახშობა... საქართველოს მასშტაბით გამოსახლების რიგშია 1300 ოჯახი და მთელი საზოგადოება ვალდებული ვართ, იქამდე დავასრულოთ ეს ჯოჯოხეთი, ვიდრე დამრბევი რაზმები მათ კარებსაც შეანგრევს. ამისათვის საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ ერთი მთავარი და სასიცოცხლო მოთხოვნის ირგვლივ: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და ვითხოვთ სასწრაფო და დაუყოვნებლივ მორატორიუმს ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე. ამ მოთხოვნის შესრულებას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ეს შესაძლებელია პარლამენტის ერთი აქტით და პარლამენტი ვალდებულია, ეს აქტი მიიღოს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ ხვალინდელ გამოსახლებაზეც. ხალხი თუ ამ სიმახინჯეს დავუშვებთ, მაშინ დავუშვებთ ყველაფერს," - ამბობს ბექა წიქარიშვილი საია „სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების“ გამოძიებას ითხოვს  

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. დაკავებულთა ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს. ამ დროისთვის თავისუფალია მათი იურისტების დაცვის ქვეშ მყოფი, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი. ექვსი მათგანის სასამართლო პროცესები გაიმართება. კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოძრაობა „ხმის" ორი თანადამფუძნებლის, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესები კი, სავარაუდოდ, 25 იანვარს გაიმართება. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის; გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია. გამოსახლების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  

ომბუდსმენი: დაკავებულებიდან ექვსმა განაცხადა აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტებაზე

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებულ აქციაზე დაკავებულმა 6-მა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები 23 და 24 იანვარს შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს. „17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში ხელწერილით გაათავისუფლეს). ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ, მათ შორის, ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამაც. ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით. გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზეც, ასევე სამმა პირმა განაცხადა ისიც, რომ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და მათი უფლებების შესახებ არ მიაწოდეს ინფორმაცია. სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც მიმართავს შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს,” - წერია განცხადებაში. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს  

„შეთანხმება შედგა" - ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას ყოფილ მფლობელს პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნებენ

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. კერძოდ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გაფორმდა და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული: „ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება," - ამბობს სუხიტაშვილი და ჩამოთვლის გარკვეულ პირობებს: "თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში გადაიხდის 90 000 აშშ დოლარს, დარეჯან დვალი დაუბრუნებს მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას იმ პირობით, თუკი ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მოქმედებებს - ისინი მასმედიაში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერაში შანტაჟით, მუქარით, ცილისწამებით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ ზეწოლას დვალზე; მეორე პირობაა, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მისცენ უფლება დარეჯან დვალს, რომ ისარგებლოს უძრავი ქონებით". შეთანხმებაზე ხელმოწერას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი. მისი თქმით, დოკუმენტი მხარეებმა 24 იანვრის საღამოს გააფორმეს, რომელშიც ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში დარეჯან დვალი ქონებას არ გადაყიდის და რომ თანხის გადახდის შემდეგ იგი ის "აღარ დაემუქრება დვალს." „პირობები იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში ის ქონებას არ გადაყიდის, იქნება დალუქული. როგორც კი ფულს გადავუხდი, გადმოფორმდება, ოღონდ მე აღარ უნდა დავაბულინგო..." - ამბობს მარინა ხატიაშვილი. კითხვაზე, რა იგულისხმა დარეჯან დვალის ადვოკატმა ერთი თვის განმავლობაში ქონებით სარგებლობის პირობაზე, ხატიაშვილი ამბობს რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და "გაარკვევს." კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი პროტესტის ფონზე გამოასახლეს ომბუდსმენი: დაკავებულებიდან ექვსმა განაცხადა აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტებაზე

კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს

თბილისში, კეკელიძის #1-ში, ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მათ ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ბრალდებულები მოძრაობა „ხმის" თანადამფუძნებლები არიან. ხასაიას და ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს. ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „შეთანხმება შედგა" - ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას ყოფილ მფლობელს პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნებენ  

კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას. როინ ხინთიბაძე ორივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რასაც არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი გურო იმნაძე იცავს. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფი ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია. მოძრაობა "ხმის" წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებას გეგმავენ. კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს  

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული კიდევ 3 ადამიანი 2000 ლარით დააჯარიმეს

23 იანვარს თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული სამი ადამიანი სასამართლომ 2000-2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, 26 იანვარს გამოცხადდა. კეკელიძის N1-ში, ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანი დააკავეს. ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გამოსახლების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, 24 იანვარს ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.  

საპატრიარქო: იმედია, კანონი შეიცვლება, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად დაცულნი იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან

საქართველოს საპატრიარქო კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების ფაქტს ეხმაურება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს. „გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს. იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან,“ - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცველებსა და ოჯახის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. „შეთანხმება შედგა" - ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას ყოფილ მფლობელს პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნებენ  

მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილი, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად წერილს ავრცელებს

70-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ აქტივისტებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად საერთო განცხადებას ავრცელებს. ისინი აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერთა შორის არიან: არჩილ ქიქოძე, ლევან ბერძენიშვილი პაატა შამუგია ტორესა მოსი მაია ცირამუა ზვიად კვარაცხელია ირაკლი ლომოური გვანცა ჯობავა იაკი კაბე ნინო ლეჟავა ნიკა სამუშია გიორგი მაისურაძე. „არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება,“ - წერია განცხადებაში. მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიიჩნევენ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას დაკავება, შემდეგ კი მათთვის პატიმრობის მისჯა, „უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა“, სოლიდარობას უცხადებენ მათ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ,“ - აცხადებენ მიმართვის ავტორები. „ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც,“ - ნათქვამია განცხადებშაში. თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული, პროტესტს აგრძელებენ პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება,“ - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.

კეკელიძის ქუჩაძე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულების პატიმრობის შესაცვლელად, პროკურორი წინაპირობებს ასახელებს

პროკურორი როინ ხინთიბაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მზად არის, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვოს, რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. პროკურორს "რუსთავი 2" ესაუბრა. „გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არი​ს, პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე," - ამბობს ​პროკურორი როინ ხინთიბაძე. თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 25 იანვარს შეუფარდა.  

ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ ჟურნალისტს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ჟურნალისტს, რომელიც თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს პოლიციამ დააკავა. "მთის ამბებისა" და "საქართველოს ამბების" რედაქტორის, გელა მთივლიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 31 იანვარს, დილით გამოცხადდა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული კიდევ 3 ადამიანი 2000 ლარით დააჯარიმეს კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს  

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტმა გურო იმნაძემ მიაწოდა. გურო იმნაძე აცხადებს, რომ დაკავებულები აღიარებენ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტს (თუმცა - არა ჯგუფურად) და მზად არიან, აანაზღაურონ ზიანი. „[სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ემსგავსება იმას, რომ ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ, მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას," - ამბობს იმნაძე. რამდენიმე დღის წინ, 30 იანვარს, პროკურორმა როინ ხინთიბაძემ განაცხადა, რომ მზად არიან, მოითხოვონ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუ დაკავებულები აღიარებენ წარდგენილ ბრალს და დაფარავენ მანქანის დაზიანებული ნაწილის ხარჯს. კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის; გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია. კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს  

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა. ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. ორ თებერვალს სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  

ომბუდსმენი აღსრულების ბიუროს: ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა - ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას. „სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ხატიაშვილების ოჯახი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ძალის გამოყენებით გამოასახლა. გამოსახლების პროცესი გადაიდო 25 იანვარს, თბილისში, დადიანის ქუჩაზე და 26 იანვარს - მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე.  

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძე 2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს, 2000 ლარით დააჯარიმა. კაკაბაძე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა. ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. სასამართლომ ირაკლი კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, კაკაბაძის მიმართ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება შეწყდა. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებულმა ოჯახმა ბინა დაიბრუნა

თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოსახლებულმა ოჯახმა საცხოვრებელი კერძო იპოთეკარისგან გამოისყიდა. იპოთეკარსა და მსესხებელს შორის ერთი თვის წინ დადებული შეთანხმების პირობები მხარეებმა 23 თებერვალს შეასრულეს. კერძო იპოთეკარ დარეჯან დვალსა და მარინა ხატიაშვილს შორის შეთანხმება გამოსახლებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს, შედგა. დოკუმენტში ეწერა, რომ "თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, დარეჯან დვალი მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას დაუბრუნებდა." მარინა ხატიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა 70 000 აშშ დოლარი, ერთ თვეს კი, დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის შესაგროვებლად გამოიყენებდა. ამ მიზნით 17 თებერვალს გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც ნამუშევრები გასაყიდად გამოიტანეს ხელოვანებმა და გალერისტებმა. „ეს იყო ძალიან დიდი თანადგომისა და სოლიდარობის შედეგი - ჯერ იმ ხალხის მხრიდან, ვინც იქ გამოსახლების დღეს იომა და თავი გადადო, შემდეგ კი ჩემი მეგობრების მხრიდან, რომლებმაც აუქციონი მოაწყვეს და ნამუშევრები გაყიდეს. აუქციონიდან შემოსული თანხით გავისტუმრეთ მევახშე. მინდა ჩემი საქმე იყოს პრეცედენტი, რომ სანამ ამხელა კონფლიქტი და მძიმე სურათი შეიქმნება, მევახშეებმა იქამდე აიღონ ის თანხები, რასაც სთავაზობენ ან მსესხებელს თანხის შეგროვება აცალონ," - განუცხადა მარინა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას. ის ამბობს, რომ უძრავი ქონება მის ოჯახს იურიდიულადაც გადაუფორმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რეესტრშია ასახული. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს